vestel

ალბათ ფიქრობთ, რომ პურის გამოცხობა სახლის პირობებში საკმაოდ რთულია. ასეც არის თუ საფუვრიან პურზე ვსაუბრობთ, რადგან მის მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. 

პურის რეცეპტი, რომელსაც აქვე გთავაზობთ, უსაფუაროა, არც ცომის ამოსვლას ველოდებით და გარანტირებულად, სულ რაღაც 1 საათში, ფუმფულა პური კნატუნა კანით მზად არის.

დაგჭირდებათ:

290 გრ პურის ფქვილი* + სამუშაოდ

130 გრ ჭვავის ფქვილი

50 გრ შვრია

30 გრ მზესუმზირა

1 ჩ.კ სოდა

1 ჩ.კ მარილი

300 გრ მაწონი

1 კვერცხი

გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.

ყველა მშრალი ინგრედიენტი მოათავსეთ დიდ ჯამში და კარგად აურიეთ.

კვერცხი გათქვიფეთ მსუბუქად და შეურიეთ მაწონს.

ფქვილიან ჯამში გააკეთეთ ჭა, ჩაასხით მაწვნის მასა და მოურიეთ ჯერ ჩანგლით, შემდეგ ხელით სწრაფად მოზილეთ ცომი, საჭიროებისამებრ დაიხმარეთ ფქვილი.

ცომს მიეცით ოვალური ან მრგვალი ფორმა, ოდნავ დატკეპნეთ ხელის გულით, მოაყარეთ ფქვილი და დაუსვით ბასრი დანა ზედაპირზე, გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ფირფიტაზე და აცხვეთ 45-55 წუთი.

მიირთვით თბილი. 

*პურის ფქვილი შეგიძლიათ სრულმარცვლოვანი ფქვილით ჩაანაცვლოთ.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2023-03-31